მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ დაკავებაზე: საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია

მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ დაკავებაზე: საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

პროცესში რეჟიმის პატიმარი დისტანციურად მონაწილეობს.

"ბატონო მოსამართლე, საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია. ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად. [...] სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ეს არის სიცრუე, კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩამიდენია. [...] საუბარი იყო, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა", - თქვა მზია ამაღლობელმა პროცესზე.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – "იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე". მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს - ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.