მთავრობის განცხადებით, შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებული პირები, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, შესაბამისი დადგენილების პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას.
აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში ღვარცოფი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართული იყო მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.