პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ტელეფონით კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე ისაუბრეს. მთავრობა აცხადებს, რომ შოლცმა "დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი".
"მთავრობის მეთაურმა ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შემდგომი მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას. კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის დადასტურებას ელის. მისივე თქმით, ხელისუფლება "გააგრძელებს რეკომენდაციების შესულების წარმატებით დაწყებულ პროცესს".
"ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით გააგრძელონ ინტენსიური კომუნიკაცია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა", - ამბობენ პრესსამსახურში.