მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად ოფიციალურად გახდომას ულოცავენ.
დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს საპრეზიდენტო ფიცი დადო. დონალდ ტრამპს ულოცავენ:
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი:
"ვულოცავთ დონალდ ტრამპს მისი მეორე ვადის ინაუგურაციას. ტრანსატლანტიკურმა კავშირმა კეთილდღეობა და სიძლიერე მოუტანა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერად და უსაფრთხოდ ვუმკლავდებით გლობალურ გამოწვევებს. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას", - წერს ის.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი:
"საუკეთესო სურვილებით გილოცავთ პრეზიდენტო დონალდ ტრამპ შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის თანამდებობას. ევროკავშირი მოუთმენლად ელის თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. ერთად, ჩვენს საზოგადოებებს შეუძლიათ მიაღწიონ უფრო დიდ კეთილდღეობას და გააძლიერონ თავიანთი საერთო უსაფრთხოება. ეს არის ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მუდმივი ძალა", - წერს ის.
კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო:
"გილოცავთ, პრეზიდენტო ტრამპ. კანადასა და აშშ-ს მთელ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა აქვთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კვლავ ვიმუშაოთ ერთად - შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და კეთილდღეობა ორივე ერისთვის", - წერს ის.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
"ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას. დღეს ცვლილებების დღეა და ასევე ბევრი პრობლემის გადაჭრის იმედის დღე, მათ შორის გლობალური გამოწვევების. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის მტკიცეა და მის მიერ გამოცხადებული მშვიდობის პოლიტიკა, იძლევა შესაძლებლობას გააძლიეროს ამერიკის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია.
ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უზრუნველყოთ, რომ ეს იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს. გისურვებთ წარმატებებს, პრეზიდენტო ტრამპ! ველით აქტიურ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველვყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის", - წერს ის.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი:
"დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას იკავებს. გილოცავთ! აშშ ჩვენი უახლოესი მოკავშირეა და ჩვენი პოლიტიკის მიზანი ყოველთვის კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობაა. ევროკავშირი, 27 წევრით და 400 მილიონზე მეტი მოსახლეობით, ძლიერი კავშირია", - წერს ის.
NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე:
"პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით. ჩემი თბილი მილოცვები დონალდ ტრამპს, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციით. ერთად შევძლებთ მშვიდობას მივაღწიოთ, სიძლიერის მეშვეობით - NATO-ს მეშვეობით!", - წერს ის.
მასალა განახლებადია
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
დონალდ ტრამპმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის ჯონ რობერტსის წინაშე დადო.
"მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში დავიცვა და აღვასრულო აშშ-ის კონსტიტუცია", - თქვა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების დროს.
ფიცის დადების ცერემონია უამინდობის გამო კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართა. კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია ბოლოს 1985 წელს რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა.
კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 2 600-მდე ადამიანი დაესწრო.
რა თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს