
დღეს „ოცნების“ პარლამენტში დამტკიცებული ე.წ. „საგამოძიებო კომისიის“ დასკვნა არ არის მხოლოდ დოკუმენტი — ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დაუნდობლად, ცინიკურად თელავს და კრემლის პროპაგანდის ცენტრალურ თეზებს სიტყვა-სიტყვით იმეორებს.
ტექსტის არსი ასეთია: 2008 წლის ომი თითქოს საქართველომ დაიწყო; 2003 წლის ვარდების რევოლუცია „გადატრიალებად“ სახელდება და შემდგომ პერიოდში ხელისუფლების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დგება; ნატო და ევროკავშირი — „გარე ძალების“ სტატუსით, მაპროვოცირებელ, დესტრუქციულ, აგრესიული მიზნების გაერთიანებებად სახელდება.
ამ კონსტრუქციას საერთო ძაფი აქვს: მსხვერპლისა და აგრესორის როლების გადანაცვლება, დემოკრატიული არჩევანის დისკრედიტაცია და ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ სვლა.
ყველაფერი, რაც ამ დასკვნაში წერია, ზედმიწევნით ჯდება პუტინის დიდი ნარატივის ლოგიკაში.
ეს დიდი ნარატივი მარტივია და წლებია ერთიდაიგივე სქემით მუშაობს: საბჭოთა კავშირის დაშლა ცხადდება „დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფად“ და არა ხალხების გათავისუფლებად; დასავლეთი წარმოჩენილია „აღმოსავლეთის“ მიმართ მტრული სტრატეგიის მქონე ძალად; ნატო და ევროკავშირი — როგორც „შემოჭრისა და იძულების“ ინსტრუმენტები; ხოლო იქ, სადაც საზოგადოებები კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას პროტესტით პასუხობენ, ყველაფერი „გარე ჩარევის სცენარად“ უნდა დაკვალიფიცირდეს.
ამ სქემაში კრემლი საკუთარ სამხედრო ინტერვენციებს „იძულებით რეაქციად“ წარმოაჩენს — თითქოს ის მხოლოდ „აკავებს“ სხვების აგრესიას და „ამშვიდებს“ ვითარებას.
სწორედ ასეთ ნარატივში ფუთავს მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ 2014 და 2022 წლების აგრესიას; სწორედ ამ სტრატეგიული გზავნილებით ცდილობდა და ცდილობს 2008 წლის საქართველოში შემოჭრის გადაფარვას. და სწორედ ამ რაშისტულ ნარატივს კვებავს დღეს საქართველოს პარლამენტის სახელით მიღებული დასკვნა.
2008 წლის ომის შემთხვევა ყველაზე მძიმეა: იმ დროს, როცა რუსული სამხედრო ნაწილები ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, როცა დღემდე მავთულხლართებითაა დაყოფილი სოფლები და სამოსახლოები, როცა გატაცებები, ცემა და მკვლელობა ყოველდღიურ რეალობად რჩება, საქართველოს „აგრესორად“ „თვითლუსტრირება“ ნიშნავს ფაქტების შეურაცხყოფას და ოკუპაციის სამართლებრივი შეფასების საფუძვლების მიზანმიმართულ დასუსტებას, თუ განულებას არა. თუ ქვეყანა საკუთარი ხელით წერს, რომ ომი „თავად დაიწყო“, მაშინ აგრესორს ეძლევა ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება — ჩვენი პოზიციის შიგნიდან დამანგრეველი არგუმენტი. ეს არა მხოლოდ არაღიარების პოლიტიკის საერთაშორისო მხარდაჭერის დასუსტებაა; ეს არის ისტორიის ისე გადაწერა, რომელიც ხვალ ჩვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
არანაკლებ მძიმეა 2003 წლის მოვლენების „სახელმწიფო გადატრიალებად“ მონათვლა. ვარდების რევოლუცია იყო მოქალაქეების პროტესტი კოლაფსის, კორუფციისა და უსამართლობის წინააღმდეგ; ის იყო ხალხის ნება, რომელიც კონსტიტუციურ ჩარჩოში მოთავსდა და შემდეგი ხელისუფლებების ლეგიტიმაციის საფუძველი გახდა. ამ ყველაფრის „გადატრიალებად“ გამოცხადება სიტყვა-სიტყვით იმეორებს პუტინის ინტერპრეტაციას უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციისა“ და მაიდანზე გამოვლენილი თავისუფალი ნების შესახებ: თითქოს იქ „დასავლეთმა შეცვალა ხელისუფლება“ და შემდეგ „არალეგიტიმურმა ძალებმა“ ომამდე შეგნებულად მიიყვანეს ქვეყანა.
ვინც ამას დღეს, თბილისში, იგივე სიტყვებით წერს, იმეორებს არა ფაქტებს, არამედ მოსკოვის პროპაგანდის სცენარს.
ამავე ხაზზე დგას ნატოსა და ევროკავშირის დემონიზაციაც. როდესაც თავდაცვით და დემოკრატიულ, სამართლებრივ ღირებულებებზე აგებულ კოალიციებს „გაფართოების საფრთხედ“ წარმოგვიდგენენ, საზოგადოებას ართმევენ საკუთარი უსაფრთხოების რაციონალურ არჩევანს და ამ არჩევანს უნაცვლებენ კრემლის მიერ მოფიქრებული შეფუთვით: თითქოს ეს ყველაფერი „რუსეთის წინააღმდეგ“ არის მიმართული და არა იმ ქვეყნების მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და თავისუფლების დასაცავად, რომლებიც საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობენ იმპერიული პოლიტიკის ზეწოლას.
„ოცნების“ რიტორიკასა და ახლა უკვე მათ მიერ შექმნილ დოკუმენტებში გამოყენებული ამგვარი ენა ერთი რამეს ემსახურება — დასავლური კურსის დისკრედიტაციას და ეჭვის გაღრმავებას იქ, სადაც უნდა არსებობდეს მკაფიო ეროვნული კონსენსუსი: ჩვენი გზა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების არქიტექტურაში, ანუ დასავლურ ცივილიზაციაში დაბრუნებაა.
ამიტომაც, „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული დასკვნა მხოლოდ შიდა პოლიტიკური მოხმარების ტექსტი აღარაა. ის არის საერთაშორისო სიგნალი, რომელიც ამბობს: „საკუთარ ისტორიაშიც ეჭვი შეგვაქვს, საკუთარ არჩევანშიც!..“
ასეთ სიგნალს მოსკოვი სიხარულით იღებს — საქართველოს პოზიცია სუსტდება ყველგან, სადაც სიტყვა ითქმის ისტორიულ სიმართლეზე, სამართალსა და პასუხისმგებლობაზე. ასეთი ტექსტი არ არის „ნეიტრალური შეფასება“ ან „ალტერნატიული ხედვა“; ეს არის ნიღაბი, რომლითაც ივანიშვილის რეჟიმი, პუტინის პოლიტიკასთან უნისონში, ისტორიის გადაწერას ცდილობს და რომლისთვისაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა არასდროს ყოფილა მისაღები მოცემულობა.
ვინც საქართველოს სახელით ამ დასკვნას წერდა, ამტკიცებდა და იცავდა — უფრო ნებით, ვიდრე უნებურად — გახდა ისტორიული ღალატის თანამონაწილე. იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიის ის გვერდები, სადაც მკაფიოდ წერია ოკუპაცია, წინააღმდეგობა და თავისუფლების არჩევანი, გადაიქცა „კონტექსტად“, სადაც „ყველაფერი სადავოა“ და „ყველას თავისი სიმართლე აქვს“.
ასეთ წითელ ხაზებს მხოლოდ მტრის ინტერესებით კვეთენ, და როდესაც სახელმწიფო ინსტიტუცია იწყებს ამ ხაზების მოშლას და სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობას, ის საკუთარი ხელით აწერს ხელს იმ ენას და შინაარსს, რომლითაც კრემლი წლებია მოგვმართავს.
ამრიგად, მკაფიოდ და გასაგებად უნდა ითქვას: პარლამენტის დასკვნა არის კრემლის ნარატივის ქართული თარგმანი. ის როლებს ცვლის 2008 წლის ომში, ხალხის ნებას „გადატრიალებად“ ნათლავს 2003-ში და თავდაცვით და ეკონომიკურ, კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დასავლურ დემოკრატიულ კოალიციებს „საფრთხედ“ აყალიბებს.
ეს ტექსტი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, არამედ მიზანმიმართულად ემსახურება იმ პოლიტიკურ ამოცანას, რომელსაც პუტინის რეჟიმი „ისტორიული სიმართლის აღდგენას“ უწოდებს, ხოლო ჩვენ — ისტორიის გაყალბებას. ვინც ამას ხელს აწერს, პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საქართველოს ხმა გადაიქცეს კრემლის ექოდ — და ეს უკვე არა შეცდომა, არამედ ქვეყნის წინაშე ჩადენილი ისტორიული ღალატია!!!