პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტოში რუსული კანონის "გაკეთილშობილება და გაპატიოსნება" არ მოხდება.
"პრეზიდენტმა დილითაც აღნიშნა და მეც შემიძლია გავიმეორო, რომ ვეტოში არ იქნება ამ კანონის გაკეთილშობილება, რაიმე სახით მისი შეცვლა ან გაპატიოსნება ვერ მოხერხდება. ორი კვირაა დარჩენილი და რა იქნება, ამას საზოგადოება იხილავს"- თქვა მსხილაძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა ჩაიწერება ვეტოში, რაზეც მან უპასუხა, რომ საზოგადოება ამას ორ კვირაში ნახავს.
მსხილაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსულ კანონს ამ ფორმით არსებობის საშუალება არ აქვს.
"ჩვენ გვაბრალებენ, რომ ვეტოს სხვადასხვა ორგანიზაციები გვიწერენ, მაგრამ ერთადერთი ორგანიზაცია, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ეს არის ვენეციის კომისია და ეს ჩვენ არაერთ ვეტოში აღვნიშნეთ, რომ ძირითადად ვეყრდნობით ვენეციის კომისიის დასკვნებს. შესაბამისად, ვნახოთ ვენეციის კომისიის დასკვნაც, რა იქნება მასში...
ამ კანონს არსებული ფორმით არსებობის საშუალება არ გააჩნია... ვეტო იქნება იურიდიულად და ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული. რა ეწერება ვეტოში კონკრეტულად, ამას ნახავთ ორ კვირაში. ჩვენ ჩვენს ვეტოში ვითვალისწინებთ ჩვენს ვეტოში ვენეციის კომისიის დასკვნას. რამდენიმე ვეტოა, სადაც ვენეციის კომისიის დასკვნები სრულადაა გათვალისწინებული"- თქვა მსხილაძემ.
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს დამტკიცა. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.