"მოვისმინე ინფორმაცია გარკვეულ ზეწოლაზე, ჩარევებზე" - ღარიბაშვილი მოსამართლეებს შეხვდა

"მოვისმინე ინფორმაცია გარკვეულ ზეწოლაზე, ჩარევებზე" - ღარიბაშვილი მოსამართლეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოსამართლეებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან სასამართლოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ "გარკვეული ზეწოლის" შესახებ მიიღო ინფორმაციები.

"ეს იყო დახურული შეხვედრა, ამიტომ ბუნებრივია, საუბრის შინაარს მე ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ გეტყვით, რომ მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი, მე ვიტყოდი - იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის შესახებ, ჩარევების შესახებ, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის აბსოლუტურად მიუღებელია [...] მე გიდასტურებთ, რომ მივიღე ეს ინფორმაცია, ამის თაობაზე მოგახსენებთ მოგვიანებით. მე გიდასტურებთ, ინფორმაციები მივიღე, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან [გვრიტიშვილი], სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან, ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ალბათ, მოვა დრო და საზოგადოება ამას გაიგებს", - განაცხადა მან.

ღარიბაშვილი ამტკიცებს იმასაც, რომ ქართული სასამართლო "ერთ-ერთი სამაგალითოა ევროკავშირში" და მასში "ჩარევა მიუღებელია".

"ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, მეგობრებო - მიუღებელია და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა, ან ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ ქმედება თუ განცხადება, რომელიც აღქმას შექმნის, განცდას შექმნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის. ეს არის დაუშვებელი", - თქვა მან.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები. სანქცირებულ პირებსა და მათი ოჯახის ზევრებს აშშ-ის შესვლა ეკრძალებათ.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს.