მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს

მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს

მოსკოვის ხელისუფლების განცხადებით, ქალაქზე დრონებით თავდასხმა მოიგერიეს. ქალაქის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, "უკრაინული დრონებით ახალ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მორიგი თავდასხმის მცდელობა განხორციელდა".

"ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია", - ამბობს სობიანინი. დაშავებული არავინაა.

დრონების გამო ვნუკოვოს აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა - თვითმფრინავები სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. დილის რვა საათზე კი აეროპორტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.

სახელისუფლებო გამოცემა Ria Novosty წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალ მოსკოვში ოთხი დრონი ჩამოაგდეს. TASS კი წერს სამი დრონის შესახებ, ერთ-ერთი მათგანი კი - კალუგის ოლქში.

3 მაისის ღამეს კრემლს დრონით შეუტიეს. არავინ დაშავებულა. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა და ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა უწოდა, რომელიც, როგორც ხაზგასმით აღნიშნავდნენ, იმ მომენტში სხვა რეზიდენციაში იმყოფებოდა. 30 მაისის დილას დრონების თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის რამდენიმე რაიონზე. 21 ივნისს ახალ მოსკოვსა და ნარო-ფომინსკის რეგიონში სამი დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთის ხელისუფლება დრონების თავდასხმაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. უკრაინაში მსგავს ქმედებებში მონაწილეობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან.