მოსამართლემ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის საქმის განხილვა გაიმართა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ შეცვალა მათი აღკვეთის ღონისძიება და ისინი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომა ბრალდებულების შუამდგომლობით დაიწყო, რომლებმაც სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატების აცილება მოითხოვეს. მათ ნდობა მხოლოდ კერძო ადვოკატებს გამოუცხადეს.

სახაზინო ადვოკატებმა ასევე დააფიქსირეს პოზიცია და აღნიშნეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ბრალდებულთა მოთხოვნას, რადგან ადვოკატსა და კლიენტს შორის ნდობა აუცილებელი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, სახაზინო ადვოკატები საქმეში დარჩებიან, თუმცა მათთან ერთად კერძო ადვოკატები განაგრძობენ ბრალდებულების დაცვას. მოსამართლემ განმარტა, რომ ადვოკატების დამატება საჭირო გახდა იმისთვის, რომ საქმე არ გაჭიანურებულიყო, რადგან გასულ სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი არ ესწრებოდა პროცესს.

მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდებულების კერძო ადვოკატები არ დაეთანხმნენ. მათ მოსამართლეს აცილების შუამდგომლობა წარუდგინეს იმ არგუმენტით, რომ გადაწყვეტილება არღვევს დაცვისა და ბრალდებულთა უფლებებს.

საქმე შეეხება პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებს, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე. ბრალდებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ ბრალი, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხდომაზე ბრალდებულებმა კვლავ განაცხადეს, რომ სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, რადგან მათი ნდობა მხოლოდ კერძო უფლებადამცველებს აქვთ.

პროცესზე მოსამართლის აცილების საკითხიც განიხილეს, თუმცა ნინო გალუსტაშვილმა თავი არ აიცილა.