მოსამართლემ იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ცნო

მოსამართლემ იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ცნო

გორში დაკავებული აქტივისტისა და ბიზნესმენის იოსებ ბაბაევის საქმეზე მოსამართლე ლევან დარბაიძემ დაუშვებლად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

მოსამართლემ უკანონოდ შეაფასა აქტივისტის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და დაუშვებლად მიიჩნია ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, რადგან მოსამართლის განმარტებით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდა.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გათავისუფლდება.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საეჭვო გარემოებებზე მიუთითა, მათ შორის ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ოქმზე. კერძოდ, ერთ-ერთ ოქმში პირველისგან განსხვავებით გაჩნდა გარკვეული ჩანაწერები. მოსამართლემ ბრალდების მხარეს ჰკითხა, როგორ გაჩნდა სასამართლო სხდომაზე ორი განსხვავებული ოქმი, პასუხად კი მიიღო, რომ ოქმში მტკიცებულებების ნაწილი Xerox-ის შედეგად გაჩნდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა იოსებ ბაბაევმა მოჰყვა, თუ როგორ ჩაუტარეს ჩხრეკა, როგორ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად სამართალდამცველები. მოსამართლემ დარბაზშივე ნახა დაზიანებები, რომლებიც იოსებ ბაბაევს სახის არეში აღენიშნება.

"ყველაზე ღირსეული სასამართლო ვნახე დღეს", - თქვა იოსებ ბაბაევმა მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ.

ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

***

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აქტივისტი იოსებ ბაბაევი 5 ივნისს გორში დააკავა. დაკავება, სავარაუდოდ, უკანონო იარაღის საკითხს უკავშირდება.

როგორც ფორმულასთვის გახდა ცნობილი, იოსებ ბაბაევის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა სუს-ის თანამშრომლებმა იარაღი ვერ აღმოაჩინეს.

იოსებ ბაბაევი აქტიურად მონაწილეობს რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში. ოჯახის წევრები და ახლობლები მის დაკავებას სწორედ ამას უკავშირებენ.