პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, უწყებამ მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს მიმართა, რათა კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილების და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს.
"ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ დროისათვის სამსახურმა მიიღო 70-მდე განცხადება/შეტყობინება, მათგან 10-მდე განცხადება/შეტყობინება, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს.
სამსახურის მიერ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განცხადებებსა და შეტყობინებებში მითითებულ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის, საჭიროების გათვალისწინებით, საკითხის დაზუსტების მიზნებისთვის, შესაბამის პირებთან განხორციელდა უკუკავშირი და ინფორმაციის მოძიება/დაზუსტება" - წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში რუსულ კანონზეც არის საუბარი, რომელშიც გარკვეული ცვლილებები მესამე მოსმენისას შევიდა. უწყების განცხადების თანახმად, მიზანშეწონილია, რომ რუსულ კანონში მომავალში შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში დეტალურად გაიწეროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება, აუცილებლობა და მოცულობა, აგრეთვე, ის კონკრეტული მიზანი, რაც მონაცემების ამ გზით და მოცულობით დამუშავების ლეგიტიმურობას განსაზღვრავს,
"რაც შეეხება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, მე-2 მუხლით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი სუბიექტი არის მხოლოდ ორგანიზაცია, თუმცა, კანონპროექტის ცალკეული ნორმები შეიცავს ჩანაწერს პერსონალური (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავების შესახებ.
საგულისხმოა, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერი პროცესის კანონიერებისთვის აუცილებელია სახეზე იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებისას) და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემთა დამუშავების უსაფრთხოების ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები და მონაცემთა სუბიექტებს გააჩნდეთ მონაცემთა სუბიექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით განსაზღვრული ყველა უფლების რეალიზების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის ცალკეულ ნორმებში არსებული ზოგადი მითითებები პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის, მიღებისა და გამოყენების გზით დამუშავების თაობაზე, მისი კანონიერების უზრუნველსაყოფად, შესაბამისობაში უნდა იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.
რაც შეეხება კანონპროექტის ჩანაწერს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების შესახებ, იგი დასაშვებია, თუ აღნიშნული პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. რამდენადაც, ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, სწორედ საკანონმდებლო აქტის დონეზე ხდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლის განსაზღვრა, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დამუშავებისთვის აუცილებელი კონკრეტული, მკაფიო და კანონიერი მიზანი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე პუნქტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში, შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უნდა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
ხსენებული დათქმის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ მომავალში შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში დეტალურად გაიწეროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება, აუცილებლობა და მოცულობა, აგრეთვე, ის კონკრეტული მიზანი, რაც მონაცემების ამ გზით და მოცულობით დამუშავების ლეგიტიმურობას განსაზღვრავს, კონკრეტულად რა სახის/კატეგორიის მონაცემები დამუშავდება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებისას, სარეგისტრაციო განაცხადისა თუ საფინანსო დეკლარაციის ფორმის შემუშავების, რეგისტრაციის გაუქმების წესებისა და პროცედურის და მონიტორინგის განხორციელების დროს, ასევე, დაკონკრეტდეს, ვინ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, რა კონკრეტულ შემთხვევებში გააჩნია მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კანონპროექტის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული უფლებამოსილება და დაზუსტდეს იმ მონაცემთა სუბიექტების წრე, ვისთან მიმართებითაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იგი" - წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
***
მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ პოზიციას ღიად აფიქსირებდნენ, ასევე იღებდნენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში სხვადასხვა უცხო ნომრებიდან ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ. ამასთან, ხელისუფლებს მიერ ორგანიზებული ჯგუფები კვლავ აგრძელებენ მოქალაქეებთან, აქტივისტებთან თუ პოლიტიკოსებთან დარეკვას, თუმცა ამჯერად მოკვლის მუქარის შემცველი ტექსტებით. ზარები ქართული ნომრებიდან და უცხო ექვეყნებიდან ხორციელდება.