მოლდოვის ხელისუფლება ქვეყანაში რუსეთის საელჩოს პერსონალს ამცირებს. აკრედიტირებული დიპლომატებისა და ტექნიკურ-ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება.
პრემიერმინისტრ დორინ რეჩანის განცხადებით, დიპლომატების რაოდენობა შემცირდება 10-მდე, ხოლო სხვა თანამშრომლების - 15-მდე.
"ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც კიშინიოვის ხელისუფლებამ დღეს დილით აცნობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს საგარეო საქმეთა სამინისტროში", - განაცხადა მან.
ამის შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაციების მრჩეველმა, იგორ ზახაროვმა დააკონკრეტა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის საელჩოს 18 დიპლომატისა და 27 ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლის გაძევების შესახებ. ჯამში მოლდოვა რუსეთის საელჩოს 45-მა თანამშრომელმა უნდა დატოვოს - ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე კიშინიოვში მოითხოვეს. სხვაობა შესაძლოა იმით აიხსნას, რომ საელჩოში ზოგიერთი პოზიცია შეუვსებელი იყო.