მოქალაქის ცემაში ბრალდებულ სპეცრაზმელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში ბრალდებულთა წრე გაფართოვდა- დანაშაულის დაფარვისთვის დაუსწრებლად ბრალდება წარედგინა იოსებ ბარჯაძესაც.
პროკურორის ინფორმაციით, ბარჯაძე ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. შემთხვევა 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მოხდა.
გამოძიების ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. კლინიკაში შეყვანისას მას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.