"მოკლეფეხებიანი ტყუილია" - ჩალაძე პოლონელი ექიმების დაშვებაზე ბრეგაძეს პასუხობს

"მოკლეფეხებიანი ტყუილია" - ჩალაძე პოლონელი ექიმების დაშვებაზე ბრეგაძეს პასუხობს

ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე იტყუება, როცა ამბობს, რომ პოლონელი ექიმების დაშვებაზე განცხადება არ მიუღიათ. ჩალაძემ წარადგინა დოკუმენტი და ამბობს, რომ ის განცხადების რეგისტრაციაზე იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული დასკვნაა.

"მინდა ბატონი რატი ბრეგაძის განცხადებას გამოვეხმაურო - დღევანდელი ინფორმაცია, რაც მან გააჟღერა, არის ტყუილი, ეს არის ძალიან მოკლეფეხებიანი ტყუილი, არის სულ 1-საათიანი ტყუილი, რომელიც მტკიცდება მისივე უწყებიდან მიღებული დასკვნით, რომ განცხადება რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში.

ბატონო, რატი, მინდა მოგმართოთ თხოვნით და გაგაფრთხილოთ, ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია და არასწორი ინტერპრეტაცია ნებისმიერი საკითხის ზუსტად ისეთივე გამოხმაურებას პოვებს ჩვენგან", - თქვა ჩალაძემ.

დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმების დაშვებაზე უწყებაში განცხადება არ მიუღიათ.

"არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები", - განაცხადა ბრეგაძემ.

ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა.

EU-ს წევრმა ქვეყნებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატეს.

ასევე 10 თებერვალს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს.

პოლონურმა გამოცემა Polskie Radio-მ 3 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვას დათანხმდა.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პეტრ მიულერმა 13 მარტს განაცხადა, რომ პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში გაემგზავრონ და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარონ, თუმცა, მისი თქმით, პოლონეთი საქართველოსგან ფორმალურ თანხმობას ჯერ კიდევ ელოდება.

პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახური არაა წინააღმდეგი, მსჯავრდებული სააკაშვილს მკურნალობის პროცესში ის უცხოელი ექიმები ჩაერთონ, ვინც "დააკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს".