პოლონეთის ხელისუფლება: ჩვენი ექიმები მზად არიან სააკაშვილის სამკურნალოდ თბილისში ჩავიდნენ

პოლონეთის ხელისუფლება: ჩვენი ექიმები მზად არიან სააკაშვილის სამკურნალოდ თბილისში ჩავიდნენ

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი პეტრ მიულერი ამბობს, რომ პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში გაემგზავრონ და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარონ.

მიულერი ამბობს, რომ პოლონეთი საქართველოსგან ფორმალურ თანხმობას ჯერ კიდევ ელოდება.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, სააკაშვილის სამედიცინო მომსახურება "საერთაშორისო თანამეგობრობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".

"ჩვენ მზად ვართ საქართველოში სამედიცინო მისია გავგზავნოთ. იმედი გვაქვს, რომ ამაზე შეთანხმება მოხდება. თუ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს საბაბი საკუთარი თავი ამ მიმართულებით აკრიტიკოს, მაშინ ვერ ვხედავ პრობლემას [სამედიცინო მისიის გაგზავნაში]. ეს არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ევროპარლამენტარების მოწოდებაც არის", - თქვა მიულერმა.

***

ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა.

EU-ს წევრმა ქვეყნებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატეს.

ასევე 10 თებერვალს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს.