ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები განცხადებას ავრცელებენ და კინოცენტრის თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებენ.
განცხადებაზე ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ კინოცენტრის პროფესიონალ თანამშრომლებს სასჯელაღსრულების ოფიცრებითა და საეჭვო გამოცდილების, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხით ანაცვლებენ.
"ბოლო რამდენიმე წელია ქართული კულტურის სადამსჯელო ოპერაცია მიმდინარეობს:
გვახსოვს წიგნის ცენტრის დახურვა.
გვახსოვს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების დაუსაბუთებელი და უსამართლო გათავისუფლება და მეცნიერების საეჭვო გამოცდილების მქონე ხალხით ჩანაცვლება. მათთვის საცავებზე წვდომის შეზღუდვა.
გვახსოვს სამინისტროსთვის მიუღებელი ლიტერატურული პერიოდიკისთვის დაფინანსების შემცირება და საბოლოოდ შეჩერება.
გვახსოვს თეატრების ხელმძღვანელების გათავისუფლება და ხელისუფლების ერთგული ჩინოვნიკებით ჩანაცვლება.
გვახსოვს ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“, რომლის კონტროლიც სამინისტრომ სცადა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
გვახსოვს გელათის გადარეცხილი და ასევე მიტოვებული ფრესკები.
და სხვა მრავალი.
სანაპიროს ქუჩაზე მდგარი კულტურის სამინისტროს შენობა იქცა ციხედ, სადაც ხმა აღარც შედის და აღარც გამოდის.
კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი მინისტრმა პირად ქონებად ჩათვალა და თავისი შეხედულებისამებრ ანაწილებს.
ახლა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ჯერია. კინოცენტრი ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუციაა, რომელიც ქართულ კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
კინოცენტრიდან გაათავისუფლეს და ახლაც ათავისუფლებენ პროფესიონალებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ წარმატებისთვის მუშაობდნენ. მათ ანაცვლებენ სასჯელაღსრულების ოფიცრებით და საეჭვო გამოცდილების, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხით.
ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები სრულად ვუჭერთ მხარს კინოს პროფესიონალებს დამოუკიდებელი კინოცენტრის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.
მოგიწოდებთ ყველას სოლიდარობისკენ – გუშინ მუზეუმი გაქრა, დღეს კინოცენტრი ქრება, ხვალ კი შეიძლება თქვენთანაც მოვიდნენ" - ნათქვამია განცხადებაში.
წერილს, რომელიც ფორმულას მიაწოდეს, ხელს აწერენ:
ხელმომწერები განახლდება.
11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.
მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.
პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."