სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ "ყველა მშვიდობიან სტუმარს" მიესალმება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ სუს "იცავს" როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, სტუმრებს.
"ყველგან ვართ, სადაც უსაფრთხოების რისკები არსებობს - ქორწილი იქნება, გასვენება, სადაც უსაფრთხოების რისკები არის... ჩვენ არა ვართ სანქციებს მიერთებული, ალბათ, გეცოდინებათ... თავისუფლად [შემოვიდნენ]. ადამიანებს, ვისაც არ აქვთ დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, არ წარმოადგენენ უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული რისკის შემცველ პიროვნებებს და ასევე, ტურიზმის განვითარებაში პოტენციურად შეაქვთ დიდი წილი, ჩვენ მივესალმებით ყველა მშვიდობიან სტუმარს. ჩვენ ვიცავთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას", - განაცხადა მან.
19 მაისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.
ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებდნენ, თუმცა როგორც მეორე დღეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შს მინისტრისგან "მიიღო პირობა", რომ იმ რუსმა ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, ტერიტორია დატოვა.
რუსული ქორწილის გასაპროტესტებლად ყვარლის ტბასთან აქციები გაიმართა - იქ შსს-მ 20-მდე ადამიანი დააკავა, მათ შორის იყო დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.