მიშელი: ხვალ EU-ის ლიდერები ისრაელის საკითხზე ონლაინ რეჟიმში შეხვედრას გამართავენ

მიშელი: ხვალ EU-ის ლიდერები ისრაელის საკითხზე ონლაინ რეჟიმში შეხვედრას გამართავენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ხვალ ევროკავშირის ლიდერები ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ მიშელმა მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ამასთან, მიშელი აღნიშნავს, რომ ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

"ვგმობთ ჰამასს და მის სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის და ებრალი ხალხის წინააღმდეგ. ტერორს გამართლება არ აქვს. მოვითხოვთ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის მოსახლეობას. ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული კანონების შესაბამისად. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მდგრადი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორი სახელმწიფოს იდეაზე.

ევროკავშირი ყოველთვის იყო და უნდა იყოს მშვიდობის მტკიცე მხარდამჭერი და საერთაშორისო სამართლის ნორმების დამცველი ისე, როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. უნდა მოვაგვაროთ გადაუდებელი გამოწვევები ერთობლივად არსებული ხელშეკრულებების და ფუნდამენტური ღირებულებების შესაბამისად", - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.