მინსკის სასამართლომ NEXTA-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს რომან პროტასევიჩს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად ედება შეთქმულება ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით და მასობრივი არეულობის ორგანიზება. პროკურატურა მისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.
NEXTA-ს საქმეზე დანარჩენ ორ ბრალდებულზე სასამართლომ დაუსწრებლად გამოიტანა განაჩენი. სტეპან პუტილოს მიუსაჯეს 20 წელი, ხოლო იან რუდიკს - 19 წელი. პროტასევიჩს, პუტილოს და რუდიკს სულ მცირე 1586 დანაშაული ედებათ ბრალად. მათ შორის: სოციალური სიძულვილის გაღვივება, მასობრივი არეულობის მოწყობა, საჯარო მოწოდებები სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ, ტერორისტული აქტები, ექსტრემისტული საზოგადოების შექმნა და მისი ხელმძღვანელობა, ცილისწამება და პრეზიდენტის საჯარო შეურაცხყოფა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროტასევიჩმა სრულად აღიარა დანაშაული და სასამართლოში განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს საერთო ყოფილ კოლეგებთან.
ტელეგრამ არხმა NEXTA-მ ფართო პოპულარობა 2020 წლის პროტესტის გაშუქების დროს მოიპოვა. მისი შემქმნელები - სტეპან პუტილო და რომან პროტასევიჩი - მწვავედ აკრიტიკებდნენ მოქმედ ხელისუფლებას და პირადად ალექსანდრ ლუკაშენკოს.
პროტასევიჩი და მისი მეგობარი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა 2021 წლის მაისში Ryanair-ის თვითმფრინავის საგანგებო დაშვების შემდეგ დააკავეს. დაკავებიდან მალევე, პროტასევიჩმა დაიწყო საუბარი ბელარუსის სახელმწიფო მედიაში, აკრიტიკებდა თავის ყოფილ თანამოაზრეებს. დაკავებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ პროტასევიჩმა ბელორუსის ტელევიზიით აღიარა სავარაუდო დანაშაული და თქვა, რომ სურდა ნორმალური, მშვიდი ცხოვრება. ჟურნალისტის ახლობლები და ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ პროტასევიჩი ზეწოლისა და წამების მსხვერპლია.