აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ჰამასის ტერორისტები რაფაჰის გამშვებ პუნქტთან ადამიანების გადაადგილებას ხელს უშლიან და სიტუაციას "ექსტრემალურად ართულებენ". მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა იარაღებით მობილიზებული ტერორისტები ხალხს საზღვართან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
აქვე ის აღნიშნავს, რომ ეგვიპტელები მზად ყოფნას გამოთქვამენ ის მოქალაქეები შეიფარონ, რომლებიც მათ საზღვარზე გადასვლას მოახერხებენ. ამის შესახებ მან CNN-თან ისაუბრა, თუმცა უარი თქვა, განეხილა მძევლებზე მოლაპარაკებების დეტალები. მისი თქმით, ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი მათ მიზანს ვერ დაეხმარება.
21 ოქტომბერს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.
ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტი, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.
ისრაელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჯო ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა.
***
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.