მიჰკელსონი: დასავლეთმა უნდა გამოაცხადოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

მიჰკელსონი: დასავლეთმა უნდა გამოაცხადოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარკო მიჰკელსონის განცხადებით, დასავლეთმა წინასწარ უნდა გამოაცხადოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს.

მიჰკელსონი ოპოზიციური პარტიების განცხადებას X-ზე გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და ძლიერი საქართველო, 14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს არ სცნობენ.

"დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა გამოაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის დაგეგმილ გადაწყვეტილებას, შაბათს ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. საქართველოს ერთადერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის. კონსტიტუციური კრიზისის გადასაჭრელად და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, უპირველესად, საჭიროა, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს", - წერს მიჰკელსონი.

***

12 დეკემბერს, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და აღნიშნეს, რომ 14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების აღიარებას არ აპირებენ.

14 დეკემბერს, ქართული ოცნება, საქართველოს პრეზიდენტად ხალხის ძალის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას გეგმავს.