ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიის გამოცხადება ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.
მისი თქმით, ეს ეკლესიისა და მრევლისკენ გადადგმული ნაბიჯია და მიზნად მათი "გულის მოგებას" ისახავს.
"ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს სხვანაირად, ორი აზრი არ არის, რომ ეს [ქართული ოცნების ინიციატივა] წინასაარჩევნო შემოთავაზეება, წინასაარჩევნო პროგრამაა. ეს არის გადმოდგმული ნაბიჯი მართლმადიდებელი ეკლესიისა და მრევლისაკენ. თავიდან ეს ნაბიჯი კარგად არ იყო მოფიქრებული, თუმცა ახლა შედარებით გამოსწორდა სიტუაცია.
რა თქმა უნდა, ეს შეთავაზება ადამიანების გულს მოიგებს. მე სინოდის წევრებს შევთავაზე, რომ ეს არ ზღუდავს სხვა პარტიებსაც მათაც გადადგან სხვა ნაბიჯები - ეცადონ ადამიანების გულის მოგება", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.