ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლას ეხმაურება. მისი თქმით, ინფორმაცია არ არის დასაბუთებული, რაც ზღაპრის და ჭორის სახეს იღებს.
"ანონიმური წყაროდან გაგებული რაღაც ინფორმაცია, რომელიც არ არის დასაბუთებული, რა თქმა უნდა, ზღაპრის და ჭორის სახეს იღებს. ამაზე ბევრი ლაპარაკიც არ ღირს. თუ ვინმეს რაღაც ბოროტი აზრი აქვს გონებაში, პირველ რიგში, თავის თავს აყენებს ზიანს და არა სხვას", - ამბობს მეუფე გრიგოლი.
5 ივლისს ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლა სცადეს.
6 ივლისს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიტროპოლიტ შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებები არის. ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზის მიხედვით, სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, 19-109-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაცია ფორმულას უწყებაში დაუდასტურეს.