მეუფე გრიგოლი: ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო - ღმერთმა დაგვილოცოს შვილების თაობა!

ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან. უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დასტუქსვა და განკითხვა ხდება. ზოგადად ადამიანის (მით უფრო, ახალგაზრდის) ბუნება, მისი შინაგანი სამყარო უკიდურესად ფაქიზი და მგრძნობიარეა. ამიტომ მათზე მსჯელობისას, განზოგადოებულად იმის თქმა, რომ მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, რომ არიან ურწმუნონი, რომ არიან უხეშები, რადგან ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამოხატავენ თავის აზრს, ვფიქრობ, არასწორია და ასეთი რიტორიკა არის უკუშედეგის მომტანი. მიმაჩნია, რომ საზოგადოდ ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და - ჩვენგან განსხვავებით - არც გამბედაობა!

შესაძლოა, ძველ თაობას ზოგი რამ არ მოსწონდეს კიდეც ახალგაზრდა თაობისა, მაგრამ ეს ხომ ვერ გამოდგება იმის საკმარის არგუმენტად, რომ ისინი ცუდად მოვიხსენიოთ ან კიდევ ცუდად განვეწყოთ მათ მიმართ; პირიქით, სწორედ აზრთა და ხედვათა სხვაობა და ურთიერთჭიდილი, დისკუსია და მსჯელობა არის მასაზრდოებელი წყარო საკაცობრიო სიბრძნისა, სწორედ ის არის საიმედო გზა ჭეშმარიტებისაკენ და იმის უდავო პირობა, რომ გამოირიცხოს კაცთა მხრიდან ერთადერთი და უცდომელი ჭეშმარიტების ფლობაზე პრეტენზია, რაც დაგვიცავს საბედისწერო ცდომილებებისგან და უზრუნველყოფს ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების იმგვარ მშვიდობისმყოფელ წესრიგს, ასე რომ გვსურს და ვესწრაფვით, მაგრამ ჯერჯერობით რომ ვერა და ვერ დავამკვიდრეთ!

ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი შვილების თაობა! იმედი მაქვს, რომ მათი მონდომებითა და ძალისხმევით საქართველო სამშვიდობოს გავა, ხოლო ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი კი საკუთარ თავს ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ იგრძნობს!

ამბობს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.