მეწყრული პროცესის გამო, სოფელ მუხურიდან ტობავარჩხილის ტბის გზაზე მოძრაობა შეწყვეტილია

მეწყრული პროცესის გამო, სოფელ მუხურიდან ტობავარჩხილის ტბის გზაზე მოძრაობა შეწყვეტილია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და მზადდება შესაბამისი დასკვნა.

"ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები"- აცხადებენ უწყებაში.

პარტია საქართველოსთვის დეპუტატის, აჩიკო ცირამუას თქმით, ამ საკითხზე წერილით მუნიციპალიტეტის მერიას ჯერ კიდევ 2022 წელს მიმართეს, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ.

"გახარიას გუნდმა ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა მერიას, რომ მომხდარიყო რეაგირება, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა, კატასტროფული მდგომარეობაა, რის გამოც ჩაიკეტა გზა. ტურისტული სეზონი მუხურში შეიძლება ითქვას, რომ ჩავარდნილად გამოცხადდეს"- თქვა ცირამუამ.