თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს აკრიტიკებს და წერს, რომ კანონის არსებული ფორმით მიღების იდეა "მტრული საქმეა".
გიგა სოფრომაძე Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად რა მოლოდინი გაქვთ? რუსული ასოებით ან სიტყვებით უნდა ეწეროს ტექსტი, ღიად უნდა გამორიცხავდეს რუსეთზე გავრცელებას, თუ მაინც და მაინც რუსეთის დუმამ უნდა მიიღოს?
ის რომ:
ჩემს მეგობრებს, რომლებიც ათეულობით წელია საქართველოში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით იცავენ ადამიანის უფლებებს, ქმნიან ადაპტირებულ გარემოს და სხვადასხვა განმავითარებელ სერვისებს, ვინმე რატომ უნდა ეძახდეს აგენტს? ან ჩემი წარსული ნამუშევარი რატომ უნდა იყოს აგენტურულად მოხსენიებული?
ამ კანონს მე- 2, მე- 6 და მე- 9 მუხლი კი არ აქვს რუსული, მისი ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე.. მის მიღებას ერთი მხარდამჭერიც რომ არ ყავს, ეს ხომ ნიშნავს რომ რაღაც ცუდი იდეაა? და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დაზიანებული, დაყოფილი და დასუსტებული საქართველო, ხომ რუსეთია?
გამჭვირვალობას რაც შეეხება, მეც ვმუშაობდი არასამთავრობოში და ყველა გრანტი, რომელსაც ვიღებდი, მერიცხებოდა ეროვნული ბანკის გავლით.. ყველა დაქირავებულ პირსა და შესყიდვაზე ყოველ თვე დეტალურ დეკლარაციას ვუგზავნიდი შემოსავლების სამსახურს.. წლის ბოლოს ვგზავნიდი წლიურ დეკლარაციას.. ამას აკეთებს ყველა იურიდიული პირი, მნიშვნელობა არ აქვს ის არასამთავრობოა თუ სურსათის მაღაზია.. მისი მიზანი კი სწორედ შავი ფულის და დამალული გადასახადების გამოვლენაა და თუ ამაში ხარვეზი გვაქვს, არ ჯობია არსებული კანონი დავხვეწოთ, ვიდრე რაღაც არაფრის მომცემი, მაგრამ ყველაფრის წამრთმევი კანონი მივიღოთ?", - წერს გიგა სოფრომაძე.