თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 17704253 მილიონი ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. სამუშაოების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
მერიის განმარტებით, წერეთლის გამზირზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად, გამოჩნდა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობდა.
"დაფიქსირებული იქნა, ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც. კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა.
ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ცალმხრივად შეეწყვიტა 2023 წლის 27 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ერ ტე დეს, ასევე შპს მილენიუმ ბილდერს გრუპთან დადებული ხელშეკრულებები", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
მერიაში აღნიშნავენ, რომ "გადაუდებელი აუცილებლობაა", წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში და დასრულდეს ოპტიმალურ ვადაში:
"გარდა იმისა, რომ ფეხით მოსიარულეებს და საავტომობილო მძღოლებს მუდმივად ექმნებათ პრობლემები, აქამდე შესრულებულ სამუშაოების ნაწილი ზიანდება მექანიკური ზემოქმედებით, რის გამოც დამატებითი რესურსები ხდება საჭირო მათ გამოსასწორებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ობიექტის დასრულების ვადას".