ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია თანამოაზრეებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს. მისი თქმით, განსახილველი თემა ენმ-ში შექმნილი "არასახარბიელო ვითარება" და ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისი იქნება.
"გვჯერა წარმატებისა, გვჯერა, რომ გამარჯვება იქნება და რომ ამ გამარჯვებაში საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ - ქვეყნის გამარჯვების საქმეში. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ამ ფორმატში შეკრება, სადაც ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, პარტიაში შექმნილ, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაზე და როგორ ვხედავთ ამ კრიზისის დაძლევის გზებს", - თქვა მან შეხვედრის დაწყებამდე.
შეხვედრას ესწრებიან პარტიის წევრები. იქ ასევე, იმყოფება ენმ-ის ყოფილი წევრი, ხატია დეკანოიძე, რომლის თქმითაც, სურს, რომ დღეს ბრძოლის გზებთან დაკავშირებით, თანამოაზრეების დამოკიდებულებები მოისმინოს.
"მქონდა ნიკასთან საუბარი, მქონდა საუბარი ჩემს ძალიან ბევრ მეგობართან, რომელიც დღეს აქ იქნება და ძალიან მაინტერესებს მათი მოსაზრებები, მათი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში ყველა ადამიანის მოსაზრებას და ყველა ადამიანის პოზიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნიკა ასრულებდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ", - თქვა მან.
ენმ-ის წევრი, ბაჩო დოლიძის თქმით, აპირებენ, განიხილონ, როგორი გააგრძელებენ ბრძოლას. მისი თქმით, პარტიაში ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა ბრძოლის გზებს სხვადასხვანაირად ხედავენ. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით კი, ახალ მენეჯმენტში ცხადად ხედავენ "კრიზისის ნიშნებს" და მნიშვნელოვანია, არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.
დღევანდელი შეხვედრა ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა.