კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლების შემდეგ ჰყვება, რომ ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი ჩოქურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ტვ პირველთან საუბრისას მელიამ თქვა, რომ პოლიციის შენობაში როდესაც მას ხელბორკილები ედო, ჩოქურმა წიხლი ჩაარტყა.
"ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასოდეს მქონია პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი და დაპირისპირება პოლიციელთან, ხელბორკილდადებულს. დღეს ეს მქონდა. ისანი-სამგორის სამმართველოს შენობაში, ე.წ შუშებიან შენობაში გახლდით დაკავებული ხელბორკილებით და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვინმე გიორგი ჩოქური, სახეზე ვცნობდი ამ ადამიანს. აქტიური ბიძინისტია, როგორც ირკვევა. ამ ადამიანთან მქონდა შელაპარაკება... სკამზე მჯდომ ადამიანს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქური ბორკილებდადებულს წიხლს მირტყამს. ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე მეტია ეს [...]
ბუნებრივია, მე ხელბორკილდადებული ავდექი და მქონდა ადეკვატური შეპასუხება ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ იქ 7-8 სხვა პოლიციელი იდგა იქ, რომლებმაც გააკავეს ეს ადამიანი. ეს ადამიანი წყობიდან არის გამოსული, ამიტომაც არის ასეთი აგრესიული, ის დაცლილია სიმართლისგან და ეუხერხულება იმის მოსმენა, რომ ივანიშვილის სამსახურშია და არა არანაირი პოლიციელი ის არ არის. ეს ვუთხარი მე მას, რომ ის არაა პოლიციელი"- თქვა მელიამ.
ნიკამ მელია დღეს თბილისი მოლის მიმდებარედ გამართულ აქციაზე დააკავეს. რამდენიმე საათის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელის შესახებ ცნობილი არ იყო. მოგვიანებით, მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დღევანდელ აქციაზე 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის გიგი უგულავა და ნიკა მელია.
პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდა.