გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია BILD ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ვიზიტი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, კერძოდ, სამშაბათს, 17 ოქტომბერს შედგეს.
პარასკევს ისრაელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ჩავიდა. ამავე დღეს, ბერბოკმა ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს მძევლების გათავისუფლებით თხოვნით მიმართა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.