მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

თელ-ავივში ათიათასობით მომიტინგე ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისა და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის ქუჩებში დაახლოებით 120 000 ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დააკავეს, ხოლო 14 დაშავდა.

როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციაზე ასევე წყლის ჭავლიც გამოიყენეს - ითვლება, რომ ეს ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ 7 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი დემონსტრაცია იყო.

31 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის სამეტაპიანი წინადადება წარადგინა. მისი თქმით, დროა "ეს ომი დასრულდეს". ბაიდენის წინადადებამ კი ჰამასში დადებითი რეაქცია გამოიწვია.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის შეთანხმება იქამდე ვერ შედგება, სანამ ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები სრულად არ განადგურდება.

"ომის დასრულებისთვის ისრაელის პირობები არ შეცვლილა: ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს... მოსაზრება, რომ ჩვენ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას ამ პირობების შესრულებამდე დავთანხმდებით, არასწორია", - წერს ნეთანიაჰუ განცხადებაში.