ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ახლა საგამოძიებო კომისიის შექმნა ოცნების პირობებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების "საბოტაჟს ემსახურება".
მდინარაძე ქართულ სასამართლოს სოლიდარობას უცხადებს და აცხადებს, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება გატარებული რეფორმების და პროგრესის საფუძველზე უნდა მიიღოს.
"ბუნებრივია, გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა ქართულ სასამართლოს. თქვენ იცით, რომ წლის ბოლოს, ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს მისცემს თუ არა კანდიდატის სტატუსს. ერთხელ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვეცა და უსამართლოდ - ეს თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით დამტკიცდა და სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა თუ არა საბოტაჟს და თუ არა იმ მიზანს, რომ ნაც.მოძრაობას და მთელ მის კლასტერს ვერ წარმოუდგენია, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველომ შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად. საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რას შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლოსთან დაკავშირებული კომისიის შექმნა მაშინ, როდესაც საქართველოში გატარებული რეფორმების და საქართველოში არსებული პროგრესის საფუძველზე ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსის შესახებ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქართულმა ოცნებამ პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, რეგისტრაცია ისევ არ გაიარა, შესაბამისად კენჭისყრა ვერ შედგა. კვორუმისთვის საჭირო იყო 76 დეპუტატის რეგისტრაცია, თუმცა მხოლოდ 52-მა გაიარა.
ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავს ქმედებას მათ 18 აპრილსაც მიმართეს.
მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ვერ შეძლოს.
***
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.
ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.