უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ არიან ქართული ოცნების საარჩევნო სიაში პარლამენტის მეათე მოწვევის ის დეპუტატები, რომლებიც მმართველი გუნდის რიტორიკას აქტიურად ავრცელებენ.
მდინარაძე ამბობს, რომ ასეთი სულ რამდენიმეა და მათთან კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით.
"არჩილ თალაკვაძე რამდენად პროფესიონალი კადრია, გარდა იმისა, რომ ჩვენი ერთგული თანამებრძოლია, ეს ყველამ იცით. არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლებაც, სანამ შეთანხმება არ მოხდება, ბუნებრივია, არ მაქვს.
ასევე არიან სხვა ადამიანები. მაგალითად ბექა ოდიშარიასთან მიმდინარეობს ასეთი კონსულტაციები კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და ა.შ. მაგალითად, ხატია წილოსანი, რომლის სურვილიც იყო და ჩვენი შეთავაზებაც, პრემიერის შეთავაზება, ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე დიპლომატიურ სამსახურში"- თქვა მდინარაძემ.
დღეს ქართულმა ოცნებამ 2024 წლის სრული საარჩევნო სია წარადგინა. სია 170 ადამიანისგან შედგება და მასში არ არიან ოცნების ცნობილი სახეები: ელისო ბოლქვაძე, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია, ბექა დავითულიანი, ხატია წილოსანი, ლევან კობიაშვილი.