მდინარაძე ტრამპზე თავდასხმას "გლობალური ომის პარტიის არსებობას" უკავშირებს

მდინარაძე ტრამპზე თავდასხმას "გლობალური ომის პარტიის არსებობას" უკავშირებს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება და მომხდარს "გლობალური ომის პარტიის" არსებობას უკავშირებს.

"გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო - დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით! პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება - გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა.

პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას! პ.ს. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო…", - წერს მდინარაძე Facebook-ზე.

***

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ის მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს.

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მსროლელის ვინაობა დაასახელა. ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.