
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, "საგამოძიებო კომისიის მუშაობისას, აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროებაც".
მდინარაძის მტკიცებით, "ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით", პარტიამ გადაწყვიტა, რომ მისი მანდატი გაფართოვდეს და "ახალი დადგენილებით გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ, ანუ საერო ჯამში 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე".
"ჩვენ დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას, აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროებაც. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რაც წარსულში ჩაიდინეს, იმისი გაგრძელებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში სჩადიან. მეტიც, მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და სხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს.
ერთი სიტყვით, 2012 წლის შემდგომაც, მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაცია კომისიის შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი მანდატი გაფართოვდეს და ახალი დადგენილებით გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ, ანუ საერო ჯამში 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საკითხებზე საქართველოს პროკურატურაშიც მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. დაველოდებით, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შედეგებსაც, რაც, არ გამოვრიცხავთ, რომ ასევე გახდეს აგენტურული პარტიების მხილების და მათი აკრძალვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის დამატებითი საფუძველი", - თქვა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით".