ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტ მაკო ჯაბუას მიერ შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებაზე ამბობს, რომ ამ ამბის არ სჯერა და "ფაშისტური კამპანიის" ნაწილი ჰგონია.
მდინარაძის თქმით, ეს არის "კრიტიკული ტელევიზიისა და წამყვანის" მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი.
"ნაცმოძრაობის ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის ჟურნალისტი პოსტვ-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში, ამას ბოლოს ბოლშევიკები აკეთებდნენ, თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს... 7 წელი რაღაც მოხდა, არ გახსენებია თურმე და ახლა გაახსენდა. დამაჯერებლობაზე ვსაუბრობ... მე არ მჯერა, უნდა მჯეროდეს აუცილებლად? ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე, ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა.
შეიძლება რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი დამთხვევების და ასეთი შემთხვევითობების მე არ მჯერა. მგონია, რომ ეს არის ფაშიტური კამპანიის ნაწილი. როდესაც ფაშისტურ კამპანიას ემთხვევა ეს ყველაფერი, მინიმუმ ეს არის ძალიან საეჭვო და კრიტიკული ტელეკომპანიების, ჟურნალისტებისა და წამყვანების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი", - თქვა მდინარაძემ.
ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში გუშინ, 20 მარტს ამხილა. ჯაბუამ დაწერა, რომ რამიშვილმა დაახლოებით 7-8 წლის წინ, სამსახურებრივი გასაუბრების დროს შეავიწროვა.