ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, პროფესორი, შესაძლოა, სტუდენტის კურსზე ჩატოვებას ცდილობდეს, ამის ფონზე კი "ქვეყანა არ უნდა დაიჩგროს".
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ბორელმა იმპიჩმენტის საკითხი განსაკუთრებით მკაცრად შეაფასა და ამასთან, აღნიშნავს, რომ დანარჩენი გზავნილებიც საკმაოდ მკაცრი და ნეგატიური იყო.
"ძალიან მენიშნა, მე პირადად, ერთი შედარება, როდესაც სტუდენტი აბრალებს პროფესორს მის წარუმატებლობას. მე ვფიქრობ, რომ შედარება, თუ ნებად დამრთავთ და არ გავკადნიერდები ალბათ და გავაკრიტიკებ ამ მოსაზრებას იქიდან გამომდინარე, რომ არასწორი შედარებაა, ჩემი აზრით. არ მგონია, რომ ჩვენი და ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყნების დემოკრატიის ხარისხი ისე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც რომელიმე პროფესორის ან რომელიმე სტუდენტის ცოდნა, ეს ერთი.
და მეორე, არის შემთხვევები, როდესაც პროფესორები არასამართლიანად უწერენ დაბალ ქულას სტუდენტებს, ასეთი შემთხვევებიც გვხვდება. ასეთ მოვლენასთან ხომ არ გვაქვს საქმე? თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებიდანაც ჩვენ ვართ მოწინავეები, ჩვენ ვართ წარჩინებულები რეფორმებით, რეკომენდაციების შესრულებით და ა.შ. რატომღაც ისე ხდება, რომ პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას შეიძლება ცდილობდეს და სხვას ავანსად, გასაგებია, არ გვშურს, არ ვედრებით, გვიხარია სხვისი წარმატება, ჩვენი მეგობარი ქვეყნების, ომში მყოფი უკრაინის განსაკუთრებით, მაგრამ ამის ფონზე, რაღაც მიზეზებით, რომ ეს შეიძლება არ იყოს მართალი, ჩვენ არ უნდა დავიჩაგროთ. ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაიჩაგროს", - თქვა მდინარაძემ.
დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს არასოდეს მიატოვებს. თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანამ გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს.
"თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე - მე ნუ მეუბნებით. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს თემა, ეს თემა, ეს საგანი. ამიტომ ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ, მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ ვალდებულებების [მოთხოვნების] შესრულებაში, ეს არის კარგი და სწორი მიდგომა, ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს", - თქვა ჯოზეფ ბორელმა.