მდინარაძე: ჩვენ დავძლევთ ზურაბიშვილის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონზე

მდინარაძე: ჩვენ დავძლევთ ზურაბიშვილის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, საპარალემენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, დაძლევს.

მდინარაძე ისევ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის "მესიჯი" სპეკულაციურია და "პრეზიდენტის ხელმძღვანელობით არის დალაგებული".

"ჩვენ დავძლევთ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაადო ჩვენ მიერ მიღებულ კანონს. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუსმენ კომენტარებს, აბსოლუტურად, არარელევანტურს რეალობასთან. ბოლო დღეებში, ასეთი მესიჯბოქსი დახვეწეს - ერთპარტიული ცესკო, როდესაც 9 პარტიაა წარმოდგენელი, ისევე, როგორც ქართული ოცნება ერთ-ერთია იმ 9 პარტიაში, რომლებიც პროფესიულ წევრებთან ერთად იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ ოპოზიციის "მესიჯი", რომელიც სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით დალაგებულია, სპეკულაციურია, თითქოს ცესკოს შემადგენლობა ერთპარტიულია.

მათ უბრალოდ, უნდოდათ, მათ პარტიულ წარმომადგენლებს დაებლოკათ გადაწყვეტილები. გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაშიც 2/3- ით მიიღება, რაც კანონშია გაწერილი და შემდეგ თუკი ცესკოს შემადგენლობა 2/3-ით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ შემდეგ უმრავლესობით იქნას მიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ საბოტაჟის საშუალება ექნებოდათ პარტიულ წევრებს",- განაცხადა მდინარაძემ.

მანამდე, 21 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა.

***

პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები.

ასევე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ანტიკორუფციულ კანონში ცვლილებების პაკეტს თუმცა, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები "ფასადური და ფრაგმენტულია", ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს, ევროკავშირში გაწევრიანებისა და მოლაპარაკებების გახსნისათვის 9 პირობიდან ერთ-ერთს, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებას.

"ქართულ ქარტიაში ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია მისი სისტემური რეფორმა: ხელმძღვანელის არჩევა პარლამენტის მიერ და ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება.

დღევანდელი მოცემულობით, ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ასევე ბიუროს ენიჭება სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების რიგი ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში, მათ შორის, ფიზიკური პირის გამოკითხვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა გამოთხოვა, რაც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დასაბუთებას, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითად გამოყენება და ბიურო არ იქცეს პარტიების წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად ხელისუფლების ხელში", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.