ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, ის არ იცნობს ბევრს, ვისაც პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარიასავით ქართული ფილმების შესახებ "კვალიფიციურად" მსჯელობა შეუძლია.
"რაც შეეხება ბაჩო ოდიშარიას, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რაც მე მაგ ადამიანთან მილაპარაკია, თუ არის სხვა ადამიანი, რომელმაც ასე კარგად იცოდეს ქართული კინო, ქართული ფილმების შესახებ ასე კვალიფიციურად შეიძლება მსჯელობდეს და ქართულ სინამდვილეში ასეთი კინოკრიტიკოსი იყოს, კი ბატონო, ყველას დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ბევრს ასეთს არ ვიცნობ."- ამბობს მამუკა მდინარაძე.
მდინარაძე ასევე ამბობს, რომ "რეორგანიზაცია ვიღაცებს, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, ვიღაცის სამსახურიდან დათხოვნა ჰგონიათ".
მისი თქმით, ქართულმა კინომ მეტი განვითარების საშუალება და თავისუფლება უნდა მიიღოს, "ნაცების ნარატივის ქვეშ, ეს შეუძლებელია."
"რეორგანიზაცია ვიღაცებს, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, ვიღაცის სამსახურიდან დათხოვნა ჰგონიათ. რეორგანიზაცია იმდენ კომპონენტს მოიცავს ამის გარდა, მათ ვერ წარმოუდგენიათ, თუკი სადმე რეორგანიზაცია არის გასაკეთებელი, უნდა გაკეთდეს. ქართულმა კინომ უნდა მეტი განვითარების საშუალება მიიღოს, მეტი თავისუფლება მიიღოს და ნაცების ნარატივის ქვეშ, ეს შეუძლებელია."- განაცხადა მდინარაძემ.
* * *
კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.
მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.
პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."