მდინარაძე ბაიდენზე: კრიტიკული აღიარებაა, ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისთვის

მდინარაძე ბაიდენზე: კრიტიკული აღიარებაა, ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისთვის

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება იყო არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მინდა, გამოვეხმაურო აშშ-დან გაკეთებულ განცხადებებს გუშინ. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო - ერთი ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოსთვის და მეორე ბაიდენის განცხადება. მეორეს მე დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას, იქ რაღაც შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისთვის, რის გამოც უხეშად გააკრიტიკა ჰელსინკის კომისია", - თქვა მდინარაძემ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს განცხადებით გამოეხმაურა. ბაიდენის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები დააზიანა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების არაერთმა შემთხვევამ, ასევე ამომრჩევლის შევიწროებამ და დაშინებამ.

ის მიუთითებს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებზეც და ამბობს, რომ "მათ არ უთქვამთ, რომ [არჩევნები] თავისუფალი და სამართლიანი იყო.

ჯო ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან.