კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება - საქმე არჩევნების, სავადაუდო, გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეხება.
როგორც ჯაფარიძემ სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ინტერნეტში მრავლად მოიპოვება არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და თუ ვინმეს მართლა უნდა გამოძიება ჩაატაროს, პრობლემა არ იქნება.
"რასაც აკეთებენ ცალსახად არის, რომ ერთი რომ მე მაცდენენ და სხვებსაც აცდენენ. გავა დრო და ალბათ ფიქრობენ, რომ ამით ვიღაცებს შეაშინებენ, სხვებს ალბათ. მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა არჩევნებზე და როგორ მოიპარეს არჩევანი, სავსეა ინტერნეტი. თუ ვინმეს მართლა აინტერესებს გამოძიება, მაგის გამოძიება პრობლემა არ არის. მათ შორის, არა ერთი ანგარიში დაიწერა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა არჩევნებზე", - თქვა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე 5 ნოემბერს დაიბარეს. მან უწყებაში მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვა მაგიტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.