საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 18 ოქტომბერს, პეკინში გამართულ ბანკეტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად დასწრებას "მასპინძელი ქვეყნის მიმართ პატივისცემას" უწოდებს. მისი თქმით, ბანკეტზე მონაწილეობა "იმ პატივისცემიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც საქართველოს აქვს ჩინეთის მიმართ".
დავითაშვილი ასევე ამბობს, რომ ჩინეთში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირისპირი შეხვედრა არ ჰქონია.
"ჩვენ ვიყავით მოწვეული პრეზიდენტ სი ძინპინის მოწვევით, პრეზიდენტის მოწვევა იყო პირადად დელეგაციების წარმომადგენლების და ხელმძღვანელების მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მასპინძელი მხარე როდესაც გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, როდესაც ვიღებთ ამ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ ფორუმის. ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც გამართა პრეზიდენტმა სი-მ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ, რა თქმა უნდა, არ იყო ცნობილი, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები და ასევე, სახელმწიფო მეთაურების განლაგება, მათ შორის დელეგაციების, იყო გამიჯნული. [...] ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური ეტიკეტი და პროტოკოლის დაცვა. ეს არის პატივისცემა მასპინძელი ქვეყნის მიმართ და ეს არ არის რაიმე ტიპის სხვა ჟესტი", - აცხადებს დავითაშვილი.
ბანკეტი 18 ოქტომბერს სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაბულამ გაავრცელა.
როგორც ბანკეტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ლევან დავითაშვილი სხვა სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო, საზეიმო ბანკეტს დაესწრო, სადაც სიტყვით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა.
გარდა ამისა, ფორუმის გახსნის დღეს ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლას ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ეს ჩანს გავრცელებული ვიდეოებიდან, რომელიც მათ შორის კრემლის საიტზეა ხელმისაწვდომი.
ჩინეთში ვიზიტის შესახებ აცხადებდა თვითონ მინისტრი და ინფორმაციას სამინისტროც ავრცელებდა, თუმცა არაფერი თქმულა საზეიმო ბანკეტის შესახებ.