მარტის აქციების საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გომელაურს პარლამენტში იბარებს

მარტის აქციების საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გომელაურს პარლამენტში იბარებს

7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.

როგორც დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ თქვა, მინისტრის დაბარებას ხელს 9 დეპუტატი აწერს.

დეკანოიძის თქმით, ინტერპელაციის შეკითხვები შეეხება იმას, იყო თუ არა პროპორციული 7-8 მარტს პოლიციელების მიერ გამოყენებული ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ და წარმოადგენდა თუ არა მშვიდობიანი მანიფესტაცია საფრთხეს.

"7-8 მარტს შსს-ის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, დაშავდნენ ადამიანები. დააკავეს ბევრი ადამიანი, ასევე, ბევრს ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის პოლიტიკოსებს - ზურაბ ჯაფარიძეს; გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სადაც გაშლილად იდგა ბევრი ადამიანი, აზრი არ ჰქონდა და იყო არაპროპორციული. ერთმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა. არცერთი პოლიციელის დასჯაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, არცერთი უწყების მიერ გაკეთებული თვითრეფლექსიის განცხადება არ გვინახავს, რომ ესა და ეს პოლიციელი ამ და ამ ადამიანზე ძალადობისთვის დაისაჯა. ჩვენ კადრებიც გვახსოვს, რომ დავარდნილ ადამიანს რამდენიმე პოლიციელი ურტყამს შესაბამისად, იმის გამო, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გჭირდება, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრს ვიბარებთ ინტერპელაციის წესით. ის უნდა მოვიდეს და მნიშვნელოვან, კონკრეტულ კითხვებს პასუხი გასცეს"- თქვა დეკანოიძემ.

***

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.