ევროპარლამენტარები, ვლად გიორგე და კარენ მელქიორი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით მიმართავენ და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იმედის ეთერში დემონსტრანტების "უმკაცრესად დასჯის" შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე შეშფოთებას გამოხატავენ. მათ წერილს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აქვეყნებს.
"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ თქვენი მუქარით, "უმკაცრესად დასაჯოთ" და გაასამართლოთ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც 7-9 მარტს ქუჩაში რუსული სტილის ანტიდემოკრატიული "უცხოელი აგენტების" კანონის დასაგმობად გავიდნენ. მათ განახორციელეს პროტესტის თავიანთი კონსტიტუციური უფლება, რაც ევროპული დემოკრატიის აუცილებელი ნაწილია", - აღნიშნულია წერილში.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და თუ რაიმე არაკონსტიტუციურია, ეს პოლიციის მიერ დემონსტრანტების წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლსადენი გაზით დაშლა და მათი ძალადობრივი დარბევაა. მათივე თქმით, არაკონსტიტუციურია აქციების დროს მოქალაქეების დაუსაბუთებლად დაკავებებიც.
"ჩვენ გვჯერა, რომ მათი "დასჯის" ან დემონსტრანტების მიმართ ნებისმიერი სახის სამართლებრივი დევნის გამოყენების ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ უნდა დაარწმუნოს ისინი, რომ უცხოელი აგენტების კანონი განხილვაში აღარ დაბრუნდება და რომ მიმდინარე ომის პირობებში საქართველო დისტანცირდება პრორუსული პოზიციებისგან", - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები.
მათი თქმით, საქართველოს მთავრობამ ბოდიში უნდა მოუხადოს მათ, ვინც პოლიციის ძალადობის მსხვერპლი უსამართლოდ გახდა, ამასთან, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა ყველა იმ საკანონმდებლო პროცესის საჯარო კონსულტაციებში, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრებასა და თავისუფლებაზე.
"ნებისმიერი შემდგომი ძალადობრივი ქმედება, უკანონო დაპატიმრებები და დემონსტრანტთა სამართლებრივი დევნა გამოიწვევს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებას, არამედ შესაძლო შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებასაც იმ პირთა მიმართ, ვინც აღნიშნულ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი", - ვკითხულბთ წერილში.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის ახლა უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას და ის გზები, რომლებითაც საქართველოს მთავრობა ეპყრობა დემონსტრანტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, სამომავლოდ განსაზღვრავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას.
მათი თქმით, ელიან, რომ საქართველო გახდება კანდიდატი ქვეყანა და სწორედ ამიტომ აქვთ მოლოდინი კონკრეტული ნაბიჯების, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსა და საგარეო პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის პოზიციებთან დაახლოებს.