მაკრონი: ზელენსკი თავისუფალი სისტემით არჩეული პრეზიდენტია, რასაც პუტინზე ვერ ვიტყვით

მაკრონი: ზელენსკი თავისუფალი სისტემით არჩეული პრეზიდენტია, რასაც პუტინზე ვერ ვიტყვით

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე განაცხადა, რომ ის ქვეყანაში თავისუფალი სისტემით არჩეული პრეზიდენტია.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაკრონმა ინტერნეტმომხმარებლების კითხვას უპასუხა, რომელიც BBC-მ გაავრცელა.

"ის [ზელენსკი] თავისუფალი სისტემით არჩეული პრეზიდენტია. ამას ვერ ვიტყვით ვლადიმირ პუტინზე, რომელიც დიდი ხანია კლავს თავის ოპონენტებსა და მანიპულირებს არჩევნებზე", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

***

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინას შეთანხმების მიღწევა მანამდე შეეძლო. ტრამპმა ეს განცხადება 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დადებითად შეაფასა, უკრაინას კი ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა და "ურჩია", "სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება".