
„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების - გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის - ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი განცხადებით ეხმაურებიან.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად, გვინდა მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გავუგზავნოთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს მათ მზადყოფნას, იყვნენ ევროპის ოჯახის ნაწილი. შესაბამისად, ვგმობთ ყველა იმ მოქმედებას, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და რაც დემოკრატიის უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და მთავრობის კრიტიკოსებზე განხორციელებულ თავდასხმებში ვლინდება. საჭიროა სიტყვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა. გადამეტებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა იქნას გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, საჭიროებს გადახედვას, ხოლო აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს. საქართველოს ხელისუფლებამ დიალოგი უნდა აღადგინოს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ის შესაძლებლობები, რაც ქვეყნის ევროპულ გზას უკავშირდება", - წერია ერთობლივ განცხადებაში.