მაკფოლი: EU-მაც უნდა დააწესოს სანქციები - თუ სიტუაცია გაუარესდა, მერე აქტივებსაც გაუყინავენ

მაკფოლი: EU-მაც უნდა დააწესოს სანქციები - თუ სიტუაცია გაუარესდა, მერე აქტივებსაც გაუყინავენ

რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, აშშ-ის ყოფილი ელჩის რუსეთში მაიკლ მაკფოლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმაც, აშშ-ის მსგავსად, რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესოს. ეს განცხადება მან ფორმულას ეთერში ჩართვისას გააკეთა.

მაკფოლის თქმით, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ის ძალაშია, რომ შეუწყვიტონ დახმარება საქართველოს მთავრობას.

"არ იქნებოდა სანქციები ამერიკის მთავრობის მხრიდან, რომ არა დემონსტრაციები ქუჩაში, ეს ყველაფერი გამოიწვია საქართველოს ქმედებებმა, რამაც უბიძგა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, სანქციების კოორდინატორს, რომელიც ეწვია თქვენ ქვეყანას და მათ ყველამ განაცხადეს, რომ რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაღაც უნდა გაკეთდეს.

კიდევ არის დამატებითი ნაბიჯი, რაც შეუძლია დასავლეთს გააკეთოს - მაგალითად, ევროკავშირს შეუძლია შეაჩეროს გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან, სანამ არ იქნება გაწვეული ეს რუსული, პუტინის კანონი. ეს მათ ძალებშია. ევროპულ და ამერიკის მთავრობას შეუძლია, შეუწყვიტოს დახმარება საქართველოს მთავრობას, ესეც მათი უფლებაა. მე არ ვფიქრობ და არ ვიცი, ამერიკელი გადასახადის გადამხდელი, რატომ უნდა ვაფინანსებდე ამერიკულ პროგრამებს იმ მთავრობისთვის, რომელიც პატივს არ სცემს მოსახლეობის ნებას", - აცხადებს მაკფოლი.

მან სანქციების ეფექტზეც ისაუბრა. მაიკლ მაკფოლის თქმით, დასავლეთს აქვს საშუალება, სანქცირებულ პირებს აქტივები გაუყინოს, რაც მისივე თქმით, "გაზრდის ზეწოლას და ძალიან ძნელი იქნება სანქცირებული პირისთვის ბიზნესის წარმოება როგორც კონკრეტულ პირებთან, ასევე ქვეყნებთან".

"სანქციები, რომლებიც გამოაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ეხება მგზავრობას. თუ მოხვდი სიაში, ამერიკაში ვეღარ ჩახვალ, ასე მარტივად შეგვიძლია განვაცხადოთ. იმედი მაქვს, ევროკავშირი იგივე ნაბიჯს გადადგამს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამერიკის მაგალითს მიჰყვნენ. გამოაცხადონ იგივე სანქციები, რაც გამოაცხადა მდივანმა და შემდეგში, თუ სიტუაცია კიდევ გაუარესდა, მათ აქვთ საშუალება გაუყინონ სანქცირებულ პირებს აქტივები დასავლეთში, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი ესკალაციის კიბეზე, რომელიც ზეწოლას გაზრდის და როდესაც ეს გაკეთდება, ძალიან ძნელი იქნება სანქცირებული პირისთვის აწარმოოს ბიზნესი ნებისმიერ პირთან, კომპანიასთან იმ ქვეყანაში, რომელმაც დაუწესა სანქციები.

მე ვაკვირდები სანქციები როგორ მუშაობს რუსულ კომპანიებზე, რუსეთის მოქალაქეებზე მას შემდეგ, რაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში და ამან ძალიან სერიოზული შედეგები გამოიღო კერძო კომპანიებისთვის და მითი, რომ სანქციები არ მუშაობს, ეს გახლავთ იმ ადამიანების გავრცელებული, რომლებსაც არ უსაუბრიათ სანქცირებულ პირებთან და საერთოდ, ზოგადად შეიძლება ეკონომიკას ნორმალური მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ინდივიდუალურად აღებული პირები სასანქციო სიაში და კომპანიები ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ არიან", - თქვა მაკფოლმა.