მაიკ უოლცის თქმით, რუს კოლეგას "მომდევნო დღეებში" შეხვდება

მაიკ უოლცის თქმით, რუს კოლეგას "მომდევნო დღეებში" შეხვდება

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი ამბობს, რომ რუს კოლეგას "მომდევნო დღეებში" შეხვდება.

ეს განცხადება მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ "ბურთი რუსეთის მოედანზეა" და იმედი გამოთქვა, რომ ისინი დათანხმდებიან ცეცხლის დროებით შეწყვეტას.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის, დათანხმდეს 30 დღით დაუყოვნებლივ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

ამასთან, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას და სამხედრო დახმარების მიწოდებას.

"უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ექვემდებარება რუსეთის მიერ მიღებას და ერთდროულად განხორციელებას.

აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ გაავრცელეს.

დღეს, 11 მარტს უკრაინის დელეგაცია ჩავიდა ჯიდაში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის.

მოლაპარაკებებში ორივე მხრიდან გავლენიანი პირები მონაწილეობენ. ამერიკული დელეგაციას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, თუმცა The Economist წერდა, რომ ცენტრალური როლი შესაძლოა დონალდ ტრამპის ნდობით აღჭურვილმა პირმა, სტივ უიტკოფმა ითამაშოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, რომელიც ვლადიმირ ზელენსკის მთავარი მრჩეველია. მასთან ერთად დელეგაციაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო მრჩეველი პავლო პალისა.