დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში შეჭრისა და მგზავრებზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ, 60 ადამიანი დააკავეს. როგორც Meduza წერს, დაშავებულია 20 ადამიანი, მათგან ნაწილი კლინიკაშია გადაყვანილი და რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. გამოცემის ცნობითვე, გუშინ დაპირისპირების დროს 9 პოლიციელი დაშავდა.
დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალას აეროპორტში ბრბო გუშინ შეიჭრა. ამ დროს აეროპორტში თელ-ავივის რეისი დაეშვა, მათი მოტივი კი ებრაელ მგზავრებზე თავდასხმა იყო. ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ისრაელშიც და რუსეთს მათი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდეს.
პრემიერმინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სახელმწიფო უდიდესი სერიოზულობით უყურებს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების მიმართ ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას, ნებისმიერ ადგილას".
მათი თქმით, ისრაელის ელჩი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა და პროცესში ჩართულია.