ლუკაშენკოს თქმით, მან "იხუმრა" პოლონეთზე ვაგნერის თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით

ლუკაშენკოს თქმით, მან "იხუმრა" პოლონეთზე ვაგნერის თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მან "იხუმრა" პოლონეთზე ვაგნერის თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით.

"ვიხუმრე, რომ ვაგნერელები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ: ჩვენ მივდივართ ექსკურსიაზე ჟეშუვში: რატომ? იმიტომ, რომ ტექნიკა და შეიარაღება ჟეშუვიდან მიდიოდა იქ, ბახმუტთან, სადაც ვაგნერელები იბრძოდნენ. ათასობით ვაგნერის მებრძოლი დაიღუპა იქ და ამას არ აპატიებენ", - ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი.

ლუკაშენკოს თქმით, პოლონეთის მთავრობამ მას მადლობა უნდა უთხრას იმისთვის, რომ ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში მიიწვია. ამასთან, ლუკაშენკო არ აკონკრეტებს, თუ რამდენი ვაგნერელი იმყოფება ბელარუსის ტერიტორიაზე, მაგრამ მისი თქმით, მთლიანობაში, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერში 30 000 მებრძოლი ირიცხება.

"ილოცონ, რომ ჩვენ გვყავს ისინი [ვაგნერელები]... წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იქ [პოლონეთში] გააღწევდნენ და ძლიერად დაარტყამდნენ ჟეშუვასა და ვარშავას. ამიტომ, ჩემს მიმართ საყვედურები არაა საჭირო, მადლობა მითხრან", - თქვა ლუკაშენკომ.

23 ივლისს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვაგნერის მებრძოლები ვარშავისა და ჟეშუვისკენ ითხოვენ წასვლას. ამის შესახებ მან რუსეთში, პუტინთან შეხვედრისას თქვა.

1 ივლისს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში მიიწვია და მისი სამხედროების მომზადება სთხოვა. 14 ივლისს კი ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაგნერელებმა მათი სამხედროების წვრთნები დაიწყეს.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.